სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ვეტერინარული სექტორის განვითარების მიმართულებით DTRA-ს მხარდაჭერის შედეგებს. მხარეებმა ისაუბრეს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.
მხარეებმა დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული სისტემის განვითარებისა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სისტემის მნიშვნელობაზე დაავადებებზე ეფექტიანი ზედამხედველობისა და შესაბამისი ინფორმაციის მართვის პროცესში, ასევე მისი მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზეც იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს სპეციალისტებისთვის ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებების, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს ვეტერინარული სექტორის მდგრადობის გაძლიერებას.















