ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი აკვაკულტურის ბიოუსაფრთხოებისა და თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის ტრენინგს მასპინძლობს
საქართველოში აკვაკულტურის სფეროს მხარდაჭერისა და განვითარების მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, ტრენინგი „წყლის მობინადრე ორგანიზმების ჯანმრთელობა, აკვაკულტურის ბიოუსაფრთხოება და თევზის დაავადებათა დიაგნოსტიკა“ იმართება. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები, ისე სხვადასხვა ინსტიტუტებისა და თევზის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები.
ტრენინგის მონაწილეები აქტიურად არიან ჩართული აკვაკულტურის მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაში, რომელსაც დარგის საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან, მათ შორის, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის თევზის რეფერენს ლაბორატორიის დირექტორი და ჩინეთის მეთევზეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი.
პრაქტიკული სწავლების ფარგლებში ტრენინგის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მასპინძლობს. ლაბორატორიის ბაზაზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ლაბორატორიული კვლევების პროცესს და თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის პრაქტიკულ ასპექტებს.
სოფლის მეურეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად არის ჩართული მსგავს საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროგრამებში, რაც ხელს უწყობს ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ბიოუსაფრთხოების მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებას.















