სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ორგანიზებით, საერთაშორისო დონის პრაქტიკული სწავლება ჩატარდა
ქ. ლაგოდეხში გამართულ ტრენინგში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სომხეთის სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასებისა და ანალიზის სამეცნიერო ცენტრის წარმომადგენლები.
ვეტერინარული ენტომოლოგიის მიმართულებით ჩატარებულ ტრენინგს თურქი ექსპერტები უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს საველე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.
სწავლებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა კულიკოიდების და კოღოების გამოჭერა-იდენტიფიკაციის პრაქტიკულ პროცედურებზე.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა, სპეციალური ხაფანგებისა და აღჭურვილობის გამოყენებით, საველე პირობებში შეაგროვეს მწერები, განახორციელეს ნიმუშების დამუშავება და იდენტიფიკაცია.
სწავლება მიზნად ისახავდა სპეციალისტების გადამზადებას და მათთვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, რაც უზრუნველყოფს დაავადებების გადამტანების ეფექტიან კონტროლს რეალურ გარემოში.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ხელს უწყობს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას თანამედროვე პრაქტიკული მეთოდებით.