ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია

english

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის გუნდმა ლაბორატორიათშორისი შედარებები (ILC) წარმატებით ჩაატარა

#

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, როგორც რეფერენს ლაბორატორია, სისტემურად ახორციელებს ლაბორატორიათშორის შედარებებს (Interlaboratory Comparison – ILC), რაც წარმოადგენს კვლევითი პროცესების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. 

მსგავსი შედარებები უზრუნველყოფს ლაბორატორიების მიერ გამოყენებული მეთოდების სიზუსტის, სანდოობისა და ხარისხის შეფასებას, აღნიშნული კი პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობასთან.
ლაბორატორიათშორისი შედარება გულისხმობს პროცესს, რომლის დროსაც რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორია იდენტურ ნიმუშზე ატარებს კვლევებს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით. შედეგების ანალიზით კი ხდება თითოეული ლაბორატორიის კომპეტენციისა და მეთოდების ეფექტიანობის შეფასება.

ლაბორატორიათშორისი შედარებების ძირითადი მიზნებია:
კვლევის მეთოდების ეფექტიანობის შეფასება;
ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი;
სერტიფიცირებისა და აკრედიტაციისთვის მზადყოფნის შემოწმება;
პოტენციური შეცდომების იდენტიფიკაცია და გაუმჯობესება…

იხილეთ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ლაბორატორიათშორისი შედარებების ჩამონათვალი:
ლაბორატორიათშორისი შედარება აჭარის კვლევით ცენტრთან - (ILC) 2024-23, ნიადაგიდან ცისტების გამოყოფა ფენვიკის მეთოდით;
ლაბორატორია „ციტო“-სთან - ლაბორატორიათშორისი შედარება ცხენისა და ვირის ხორცის სახეობის იდენტიფიკაციაზე (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით);
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურთან - თესლის ხარისხის განსაზღვრა (სიწმინდე, აღმოცენება, 1000 მარცვლის მასა), ГОСТ-ისა და ISTA-ს მეთოდებით;
ლაბორატორია „გლობალ-ტესტთან“- თაფლის კვლევა ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის ნივთიერებების ნარჩენებზე;
ლაბორატორია „გლობალ-ტესტთან“- ჰისტამინის განსაზღვრა თევზში;
ლაბორატორიათშორისი შედარება დაავადებაზე ბრუცელოზი (Rose-Bengal, FPI მეთოდებით) - მონაწილეები: ქუთაისის, ახალციხის, ბათუმის, ოზურგეთის, ზუგდიდის, მესტიის, საჩხერის, ამბროლაურის, გორის, დუშეთის, მარნეულის და გურჯაანის ლაბორატორიები;
ლაბორატორიათშორისი შედარება დაავადებაზე ჯილეხი - მონაწილეები: ქუთაისისა და ახალციხის ლაბორატორიები;
ლაბორატორიათშორისი შედარება დაავადებაზე სალმონელოზი - მონაწილეები: ქუთაისისა და ახალციხის ლაბორატორიები;
ლაბორატორიათშორისი შედარება დაავადებაზე ლეიშმანიოზი - ქუთაისის ლაბორატორია;
ლაბორატორიათშორისი შედარება - წყალში pH-ის განსაზღვრა - ქუთაისის ლაბორატორია.

აღსანიშნავია რომ ლაბორატორიათშორისი შედარებების წარმატებით განხორციელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიზანმიმართულ მუშაობასა და მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკის შესაძლებლობებს.

მსგავს პროცესებს კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და გარემოს დაცვის კვლევითი სისტემის გამართულ ფუნქციონირებაში.